ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა შოთა ფოთოლაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურ ასამბლეისა და კონფერენციის მუშაობაში. ღონისძიება 2026 წლის 16 - 17 აპრილს სტამბულში გაიმართა.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადობის გაძლიერება. წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა თემას „უნივერსიტეტთა თანამშრომლობა ცვალებად კონტექსტებში“, სადაც განიხილეს, თუ როგორ ცვლის გეოპოლიტიკა, ტექნოლოგიები, მდგრადობა და ეკონომიკური ფაქტორები თანამშრომლობის ფორმებს უნივერსიტეტებს შორის, ასევე თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, ინდუსტრიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიებამ გააერთიანა უნივერსიტეტების ლიდერები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში უმაღლესი განათლების როლსა და გამოწვევებზე.
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საუნივერსიტეტო გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს 900-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 48 ევროპული ქვეყნის რექტორთა ეროვნულ კონფერენციებს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების მიმართულებით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.